ნიკა გვარამია

3 Apr. 2023, 23:34

ჩემი მხარდაჭერა ლაზარეს! ეს ბიჭი ხელისუფლებამ მტრად "დანიშნა" სამარცხვინო და დანაშაულებრივი ინსინუაციებითა და დისკრედიტაციის კამპანიით. "ოცნებამ" საკუთარი გზავნილები შეაზავა ყველა მდაბიო ქსენოფობიური სტერეოტიპით და მიმართა საბჭოთა კავშირში დაბადებული თაობებისკენ. ამ გზავნილების შინაარსია: "აი, ასეთია ჩვენი ახალგაზრდობა, ეს არის დასავლეთის გარყვნილი ზეგავლენა". [...]

მინდა, მივმართო ჩემზე უფროს თაობებს: მამაჩემი ალბათ, იტყოდა — "ყოჩაღი ბიჭია, მაგრამ რად უნდოდა, კაცო, ეს, რა დაუხატავს სახეზე". დედა, ალბათ, იტყოდა — "რა ჭკვიანი თვალები აქვს, какая очеравательная улыбка, მარა ეს თმები რაა ვითომ ახლა, უხდება?" კი, ალბათ, ასე იტყოდნენ და ამაში მხოლოდ ესთეტიკურ შინაარსს ჩადებდნენ და არაფერს სხვას, სრულიად არაფერს. და ყოველგვარი "ალბათ-ის" გარეშე ფეხმოუცვლელად დადგებოდენ ყველგან, სადაც ლაზარეს თავისუფლებას მოითხოვდა ხალხი.

ლაზარე პოლიტიკურად მოტივირებულ პატიმრობაშია და არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რა ჩაიდინა თუ არ ჩაიდინა მან. სწორედ ამგვარია საერთაშორისო პრაქტიკა, რომლის თანახმადაც დანაშაულის ნიშნების არსებობა არ აუქმებს პატიმრობის პოლიტიკურ შინაარსს და შერჩევითობას. შესაბამისად, მის უკანონობას.

მინდა მივმართო ჩემს თაობას: ხელისუფლება ახლა ამზადებს მეორე და მისთვის სტრატეგიულ გზავნილს, აღიარებინოს ლაზარეს არსებულიც და არარსებულიც და ანახოს მის თაობებს გატეხილი და დამარცხებული არა მხოლოდ ლაზარე, არამედ მისი სიმბოლოდ ქცევით, გატეხილი და დამარცხებული მთელი თაობები, თავისუფალ საქართველოში დაბადებული თავისუფალი თაობები. [...]

თავისუფლების თაობებს, ჩემი შვილების ტოლებს, მინდა ვთხოვო: იბრძოლეთ ლაზარესთვის ისეთივე ვნებითა და შემართებით, როგორც ის იბრძოლებდა მის ადგილას ახლა ნებისმიერი თქვენგანი რომ ყოფილიყო. იბრძოლეთ და არავითარ შემთხვევაში არ დაიჯეროთ, რაც არ უნდა თქვან რუსული ხელისუფლების მოლაპარაკე თავებმა, დანაშაულის შეკერვაში დახელოვნებულმა პროკურორებმა და უსინდისო და უგულო მოსამართლეებმა. [...]

თავისუფლება ლაზარეს!
თავისუფლება ჩვენს სამშობლოს!

წერს პატიმრობაში მყოფი ნიკა გვარამია. 21 წლის აქტივისტი 29 მარტს დააკავეს, 31 დეკემბერს კი სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. გამოძიების ვერსიით, მან სამართალდამცველებს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ესროლა და შსს-ის კუთვნილ ავტომობილს ცეცხლი წაუკიდა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  4. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია
  5. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…