თბილისში 30 წლის აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები მას ბოლოს 23 აგვისტოს აფიქსირებენ. მეზობლებმა სამაშველო სამსახური ადგილზე გაუსაძლისი სუნის გამო გამოიძახეს.

შსს-ს ცნობით, საქმეზე გამოძიება სსსკ-ს 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ვინ არის დაურ ბუავა?

დაურ ბუავა 2021 წლის შემოდგომიდან თბილისში ცხოვრობს, 2022 წელს კი საქართველოს მოქალაქეობა მიიღო. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოებში მისი მთავარი გზავნილი ქართველებისა და აფხაზების შერიგება და მშვიდობიანი ურთიერთობა იყო. ის აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნებას ემხრობოდა, რადგან მიიჩნევდა, რომ "აფხაზისთვის ქართველზე ახლობელი არავინაა".

2023 წლის ზაფხულში აფხაზმა ბლოგერმა თბილისში რუსთაველის მეტროსთან სოციალური ექსპერიმენტი ჩაატარა, ხელში პლაკატი ეწერა წარწერით: "მე ვარ აფხაზი. თუ თვლი, რომ ჩვენ ძმები ვართ, ჩამეხუტე". ვიდეო ვირუსულად გავრცელდა.

დაურ ბუავამ, 2023 წლის ოქტომბერში, თბილისში, თანამოაზრეებთან ერთად ახალგაზრდული ორგანიზაცია Amra დააფუძნა, რომლის მიზანიც ქართველ და აფხაზ ახალგაზრდებს შორის ურთიერთობების გაუმჯობესება იყო. "ამრა" აფხაზურად "მზეს" ნიშნავს.

2023 წელს ბლოგერი ევროპარლამენტში გამართულ პანელურ დისკუსიაზე — "მდგრადი მშვიდობა სამხრეთ კავკასიის რეგიონში" — გამოვიდა. მან თქვა, რომ აფხაზეთში ომი "რუსეთმა გამოიწვია" და ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების აუცილებლობაზე ისაუბრა.

"აფხაზეთის მოღალატე თბილისში" — სისხლისსამართლებლივი დევნა

2022 წლის ზაფხულში ოკუპირებულ აფხაზეთში მის წინააღმდეგ "სახელმწიფოს ღალატის" მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ამიტომ არაა გასაკვირი, რომ რუსულ მედიაში უკვე გაჩნდა ასეთი სათაურები — "აფხაზეთის მოღალატე თბილისში, საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს".

რუსული მედია ირწმუნება, რომ დაურ ბუავას სოციალურ პლატფორმებზე განთავსებულ ვიდეოებში "მიმდინარეობდა სუვერენული აფხაზეთის რესპუბლიკის საქართველოს შემადგენლობაში ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსით გაერთიანების პროპაგანდა, რომლის სამართლებრივი სტატუსიც საქართველოს კონსტიტუციით უნდა ყოფილიყო განსაზღვრული".

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებდნენ, რომ "ვიდეომასალის ავტორი ხაზს უსვამს აფხაზეთის რესპუბლიკის საქართველოსთან გაერთიანების მომავალ დადებით ასპექტებს და ამით უცხო სახელმწიფოს ეხმარებოდა მტრული საქმიანობის განხორციელებაში, რომელიც აფხაზეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების ხელყოფას ემსახურება".

სოხუმში ასევე აცხადებდნენ, რომ ბუავაზე რუსეთის ტერიტორიაზე დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენისა და შენახვის ბრალდებით ძებნა იყო გამოცხადებული. ბლოგერი ამ ინფორმაციას "სუფთა წყლის სიცრუეს" უწოდებდა.