"აფხაზეთის აღიარებისთვის გვამზადებთ" — რა ხდება ნანა ჯანელიძის ახალი ფილმის გარშემო
ფოტო: Kinoafisha
"წვეთ-წვეთად გვამზადებთ აფხაზეთის აღიარებისთვის", — ამგვარი კომენტარი და მწვავე დაპირისპირება მოჰყვა 27 სექტემბერს, კინოთეატრ ამირანში გამართულ ჩვენებას. რეჟისორ ნანა ჯანელიძის ახალი ფილმის, იარე, ლიზას, გამოსვლამ მაყურებელში ვნებათაღელვა გამოიწვია, რომელმაც კინოთეატრის დარბაზიდან მალევე სოციალურ ქსელში გადაინაცვლა.
ფილმის შესახებ
საქართველო-ბულგარეთის კოპროდუქციის, იარე, ლიზას პრემიერა 21 სექტემბერს შედგა. ფილმი ცნობილ ტელეწამყვან ქალზე გვიყვება, რომელიც 25 წლის წინ აფხაზეთის ომში რეპორტიორად მუშაობდა. კინოსურათში ომის სცენები 2D ანიმაციითაცაა გაცოცხლებული.
იარე ლიზას სცენარის ავტორები ნანა ჯანელიძე და ლია ტოკლიკიშვილი არიან. ტოკლიკიშვილი თავადაც რეპორტიორი იყო აფხაზეთის ომში და, როგორც ფილმის ანოტაციიდან ვიგებთ, სწორედ მის გამოცდილებას ეფუძნება კინოსურათის სიუჟეტი. ამასთან, ანოტაციის მიხედვითვე, ფილმში გამოყენებულია "ომის მონაწილეებისა და მოწმეების, ქართველი და აფხაზი მწერლების, სასულიერო პირების მონათხრობები და დღიურები". ასევე, ფილმის სიუჟეტს საფუძვლად დაედო ამბები ტოკლიკიშვილის სადებიუტო პროზაული კრებულიდან ნიუტონას დღიური, რომლის პრეზენტაციაც კინოთეატრ ამირანში ფილმის პრემიერამდე გაიმართა.
იარე, ლიზაში მთავარ როლს ეკატერინე ტოგონიძე და ნინა ერაძე განასახიერებენ. ამასთან, ფილმში მონაწილეობენ ალეკო ბეგალიშვილი, ნატო მურვანიძე, ვახო ჩაჩანიძე, ილო ბეროშვილი, მიშა გომიაშვილი და სხვები.
როგორც ჯანელიძე წერს, შემოქმედებითმა გუნდმა ფილმის იდეაზე მუშაობა 2011 წელს დაიწყო და პარალელურად, 2021 წლამდე ფინანსების მოძიებას ცდილობდნენ. იარე, ლიზა ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით არის გადაღებული.
დაპირისპირება და ბრალდებები
27 სექტემბერს, სოხუმის დაცემიდან 30 წლისთავზე, კინოთეატრ ამირანში იარე, ლიზას მორიგი ჩვენება გაიმართა. ჩვენების დასრულების შემდეგ, მაყურებელთა ნაწილმა კინოსურათის შინაარსი გააპროტესტა. მათი მტკიცებით, იარე, ლიზა ისტორიულ ფაქტებს ამახინჯებს.
"არ შეიძლება საკუთარი ჯარისკაცის ასე გამოყვანა და აფხაზი ჯარისკაცის გმირად შერაცხვა", — განაცხადა ერთ-ერთმა მაყურებელმა, — "დღეს, 27 სექტემბერს, გმირთა მოედანზე ვიდექი და ვტიროდი. ესე იგი, იმ ბიჭებს ტყუილად დაუღვრიათ სისხლი, ნარკომანებად გყავთ გამოყვანილი. 27 სექტემბერს გამოვედი აფხაზეთიდან, მთელი ომის პერიოდი იქ ვიყავი და ამ ფილმში რაც აჩვენეს, ნახევრად ტყუილია".
კიდევ ერთი მაყურებელი, რომელიც აფხაზეთიდან დევნილია, TV პირველთან საუბარში ამბობს, რომ დარბაზიდან "დამცირებული, განადგურებული და შეურაცხყოფილი" გამოვიდა.
არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა ფილმს ინტერნეტმომხმარებლებშიც. მათი ნაწილი კრიტიკით შეხვდა ფილმის შინაარსსაც და იმ ფაქტსაც, რომ ნაწარმოები ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით გადაიღეს.
ფეისბუქპოსტით გამოეხმაურა ფილმს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც, რომელმაც აღნიშნა, რომ "ბევრმა ჟურნალისტმა ფილმის ფაბულა აღიქვა, როგორც აფხაზებისთვის ბოდიშის მოხდის მოტივი".
"ვისაც ბოდიშის მოხდის სურვილი გაქვთ, პირველ რიგში, დაიწყეთ იმ ოჯახებისადმი ბოდიშის მოხდით, რომელთა ოჯახის წევრების თავებითაც ფეხბურთი ითამაშეს", — წერს სააკაშვილი, — "სამწუხაროდ, ეს ფილმი, რომელიც წულუკიანის ბრძანებით დაფინანსდა, რუსული პროპაგანდის განუყოფელი ნაწილია".
ბრალდებების პასუხად, კულტურის სამინისტრო წერს, რომ "ფილმები მინისტრის ბრძანებებით არ ფინანსდება", ხოლო იარე, ლიზას დასაფინანსებლად 300 ათასი ლარი 2019 წელს გამოიყო სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
"მოგვიანებით კი კინოცენტრის ხელმძღვანელის, გაგა ჩხეიძის, გადაწყვეტილებით კინოცენტრმა ფილმის გადაღებისთვის უკონკურსოდ გამოყო კიდევ 240 690 ლარი", — ვკითხულობთ სამინისტროს განცხადებაში, — "2020 წელს, იმდროინდელი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას, უშუალო ჩარევით ფილმისთვის დამატებით, ისევ უკონკურსოდ, გამოიყო 1 200 000 ლარი. სულ ფილმის გადასაღებად იმდროინდელი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიასა და კინოცენტრის ხელმძღვანელის, გაგა ჩხეიძის, ხელშეწყობით გამოიყო 1 740 690 ლარი".
თავად გახარია აღნიშნავს, რომ მას მართლაც მიუძღვის "მცირედი წვლილი ამ ფილმის მხარდაჭერაში".
"სააკაშვილს და წულუკიანს თურმე ერთნაირად, ისე, რომ არ უნახავთ, არ მოსწონებიათ ნანა ჯანელიძის ახალი ფილმი აფხაზეთის ომზე", — ამბობს გახარია, — "ეს ფილმი უნდა ნახოს ყველამ, თბილისშიც და სოხუმშიც. რადგან ეს არის ფილმი იმაზე, რომ მიუხედავად ბევრი შეცდომის და მძიმე წარსულისა, რომ არა რუსები, ჩვენ, ქართველები და აფხაზები, ერთმანეთს არასდროს ვესროდით".
იარე, ლიზას ჩვენებას გამოეხმაურა ყოფილი პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც და აღნიშნა, რომ თავი ვალდებულად მიიჩნია, "საჯაროდ მოკლედ გამოეთქვა მისი აზრი არა იმდენად ფილმზე, არამედ იმ პროცესების ხასიათზე, რაც აღნიშნული ფილმის დღის შუქზე გამოსვლამ გამოიწვია".
"ფილმის მთავარი სათქმელი, როგორც ეს მე, ერთმა ადამიანმა, დავინახე, არის ის, რომ რუსეთთან თანმიმდევრული უკომპრომისო საგარეო პოლიტიკის პარალელურად აფხაზებთან და ოსებთან გულახდილი საუბარია საჭირო", — წერს კვირიკავშილი, — "საუბარი, რომელიც დაფუძნებული იქნება, როგორც ქართველების, ასევე აფხაზების და ოსების უდიდესი ტკივილის აღქმაზე და თანაზიარობაზე".
ფილმის შემქმნელების პასუხი
ნანა ჯანელიძე ფეისბუქპოსტში წერს, რომ ფილმის მიზანი "მივიწყებული და ანესთეზირებული ტკივილის გაღვიძება, ფიქრი, კამათი და გამოსავლის ერთად ძიებაა". მისი თქმით, გადაღების პროცესში ფიქრობდა, რომ იარე, ლიზა აზრთა სხვადასხვაობას გამოიწვევდა. ფილმმა კი აფხაზეთის თემას "ახალი სიმძაფრე" შესძინა.
"ორივე მხარეს ადამიანები 'მართლები' იყვნენ საკუთარი თავის წინაშე და ვერცერთი ვერ ვაცნობიერებდით, რომ მარიონეტები ვიყავით რუსეთის ხელში", — წერს ჯანელიძე, — "მაშინაც და ახლაც ვფიქრობ, რომ აუცილებელია მომხდარის გაანალიზება და არ უნდა შევუშინდეთ საკუთარ შეცდომებს, საკუთარი თავის შეფასებას, პირველი ნაბიჯის გადადგმას და ბოდიშის მოხდას. სხვანაირად ჩვენ, როგორც ერი, ქვეყანა, სახელმწიფო ვერ განვაგრძობთ ცხოვრებას, ეს დუმილი უკან დაგვწევს, წინსვლის საშუალებას არ მოგვცემს. ჩვენ ჩვენი უნდა ვთქვათ და მაშინ შეიძლება აფხაზებსაც ეყოთ გამბედაობა, თავიანთი თქვან".
ფილმის მთავარი იდეა ეს არის: გვერდზე გადავდოთ ჩვენი ეგო, გავიაზროთ ჩვენ ჩვენი ტკივილები, შევაფასოთ და ერთად დავიწყოთ ფიქრი, როგორ შევხვდეთ აფხაზებს, რომლებთანაც საუკუნეების განმავლობაში ნათესაობა და პატივისცემა გვაკავშირებდა.
სცენარის თანაავტორი ლია ტოკლიკიშვილი კი TV პირველთან ინტერვიუში ამბობს, რომ ფილმი ქართველი ჯარისკაცების დისკრედიტაციას არ ემსახურება, როგორც ამას მაყურებელთა ნაწილი აღიქვამს.
"ჩვენ ფილმში ჩვენი სათქმელი ვთქვით", — ამატებს ტოკლიკიშვილი, — "არ გვაქვს უფლება, ჩვენს ფილმებსა და წიგნებში გამოვხატოთ ის, რასაც ადამიანები იქ ადამიანურ დონეზე ვხედავდით?".
იარე, ლიზას ჩვენებები კინოთეატრ ამირანში კვლავ მიმდინარეობს.
თუ ფილმები შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და მათი განხილვაც გიყვარს, შემოგვიერთდი ჯგუფში ერთი ფილმიც და...
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები