ირაკლი კობახიძე

1 Jan. 2026, 13:07

ირაკლი კობახიძე: "გილოცავთ ახალ წელს. ახალ წელს გილოცავთ თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს, უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში მცხოვრებ ქართველებს, აფხაზებსა და ოსებს.

გილოცავთ პედაგოგებს, ექიმებს, ხელოვანებს, საჯარო მოსამსახურეებს, ჯარისკაცებს, პოლიციელებს, მოსამართლეებს, პროკურორებს, უსაფრთხოების სტრუქტურების წარმომადგენლებს, მეწარმეებს, ფერმერებს, გლეხებს, მუშებს, ყველა პროფესიის წარმომადგენლებს.

ახალი წელი არის დღესასწაული, რომელსაც ოცნებების ასრულებისა და მიზნების შესრულების იმედით ვეგებებით. სწორედ ამას გისურვებთ თითოეულ თქვენგანს და თქვენს ოჯახებს — ოცნებების ახდენას და ყველა დასახული მიზნის მიღწევას.

2025 წელი იყო სირთულეებით სავსე, თუმცა, ამავდროულად წარმატებული ჩვენი ქვეყნისთვის. გასულ წელს, ჩვენ კიდევ უფრო განვამტკიცეთ საქართველოში მშვიდობა, განვამტკიცეთ საქართველოს დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, გავაძლიერეთ ქართული ეკონომიკა, რომელიც ისტორიაში პირველად 100 მილიარდს გადასცდა. გასული წელი იყო გარდამტეხი სახელმწიფო მმართველობის სისტემის დახვეწისა და სამართლის უზენაესობის განმტკიცების თვალსაზრისითაც.

2025 წელს ჩაყრილი საფუძველი ქმნის იმის მყარ წინაპირობას, რომ მომავალი წელი საქართველოსთვის კიდევ უფრო წარმატებული იქნება.

2026 წელი განსაკუთრებულია ჩვენი ქვეყნისთვის: მომავალ წელს აღვნიშნავთ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700-წლოვან იუბილეს. ქრისტიანობა არის საქართველოს იდენტობის ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენი, რომელიც არა მხოლოდ ჩვენს რწმენას, არამედ კულტურასაც განსაზღვრავს.

ახალ წელს ვულოცავ უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს, რომლის ნახევარსაუკუნოვანმა მოღვაწეობამ საქართველოს გაძლიერებაში შეუფასებელი წვლილი შეიტანა.

ქრისტიანობის ერთგულებამ, ღმერთისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მფარველობამ მოგვცა შესაძლებლობა, მრავალი ქარტეხილის მიუხედავად, საუკუნეების მანძილზე,სახელმწიფოებრიობა და ეროვნული თვითმყოფადობა შეგვენარჩუნებინა. ეს ყველაფერი განამტკიცებს ჩვენს რწმენას, რომ ქართული ოცნება ერთიან საქართველოზე ერთ დღესაც აუცილებლად ახდება.

ქრისტიანობის ღერძი სიყვარულია, სიყვარული კი, თავის მხრივ, არის ნებისმიერი ადამიანის, თუ სახელმწიფოს სიძლიერის საფუძველთა საფუძველი.

ამიტომ, ყველას გისურვებთ მეტ სიყვარულს, ყველას გისურვებთ მეტ სიკეთეს, გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობას, ბედნიერებას და წინსვლას ახალ 2026 წელს!

მრავალ ახალ წელს დაესწარით".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…