პანკისის სათემო რადიოში აცხადებენ, რომ დარბევით ემუქრებიან
ფოტო: კადრი ვიდეოდან / Radio Way
პანკისის სათემო რადიოში აცხადებენ, რომ დარბევით ემუქრებიან. მედიის ცნობით, მათ წინააღმდეგ აქცია გამართეს, რომელშიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და მერიის თანამშრომლები მონაწილეობდნენ.
რადიოში ამბობენ, რომ აქციაზე მათ ოფისში შესვლისა და ინვენტარის გამოყრის მუქარაც ისმოდა. გარდა ამისა, ხეობიდან გაგდებით ემუქრებოდნენ სათემო რადიოს დამფუძნებელ გელა მთივლიშვილს. ამასთან, აქციის ორგანიზატორმა რადიოს თანამშრომლები დაწყევლა.
"ეგ მთივლიშვილი, აქედან გასაგდებია. აქ ხალხი მაგის გამო წუხს, რომ მაგაზე არავინ არაფერს ამბობს. აქ ხალხია, ვინც ეხლავე მის რაღაცეებს (რადიოს ტექნიკა, ინვენტარი) გამოყრის გარეთ. ახალგაზრდები ამბობენ, დღესვე მათ რაღაცეებს გარეთ გამოვყრითო. რაღაც დრო უნდა დავთქვათ, რომ აქედან თვითონ წავიდეს. მას რაღაც დრო უნდა მივცეთ, 5 დღე ან ერთი კვირა. ამ დროის მერე შევიკრიბებით, ან თავისით წავა, ან იძულებით გავუშვებთ. უმეტესი ხალხი, დღეს, აქ ამის გამო მოვიდა", — ციტირებს გამოცემა აქციაზე ერთ-ერთ გამომსვლელს, თამაზ მარგოშვილს.
აქცია სოფელ დუისში 29 აგვისტოს გაიმართა. მისი ორგანიზატორი როდი სკოტის სახელობის ფონდი საქართველოს ხელმძღვანელი, ლია მარგოშვილი იყო. მისი ორგანიზაცია და პანკისის სათემო რადიო ერთ შენობაში მდებარეობს. მარგოშვილს ამ შენობის ყიდვა სურს და ამტკიცებს, რომ გელა მთივლიშვილი ამაში ხელს უშლის.
მისი თქმით, აქციაზე დეპუტატები ნამდვილად იმყოფებოდნენ და ისინი იქ ორგანიზატორებმა მიიწვიეს, რათა მათი მოთხოვნების შესახებ ინფორმაცია მიეწოდებინათ. მარგოშვილი იმედოვნებს, რომ ისინი ამ ინფორმაციას გამგეობამდე მიიტანენ. მისივე თქმით, აქციაზე ერთ-ერთმა მონაწილემ პანკისიდან Radio Way-ს წასვლის მოთხოვნა ნამდვილად გააჟღერა და მათი ინვენტარის გამოყრაზეც ისაუბრა, თუმცა ეს მისგან დამოუკიდებლად მოხდა და აქციის ეს მონაწილე შემდგომში დეპუტატებმა დაამშვიდეს.
რას ამბობს Radio Way
როდი სკოტის ფონდი მრავალი წელია მოსწავლეებს ინგლისური ენის უფასო კურსებს სთავაზობს. მათი ოფისი განთავსებულია სოფელ დუისში, ყოფილი საბჭოს შენობაში, რომელიც ახმეტის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის. ამავე შენობის მცირე ნაწილში აქვს დაკავებული პანკისის სათემო რადიოს.
Radio Way-ში ამბობენ, რომ სამუშაო ფართი მუნიციპალიტეტისგან იჯარით აქვთ აღებული 2015 წლიდან 2021 წლის ჩათვლით. როგორც გამოცემა წერს, შენობის პირველ სართულზეა პანკისის მუზეუმი, მცირე სამკერვალო საწარმო და სტომატოლოგიური კაბინეტი, ასევე, ცხოვრობს ორი ხანდაზმული ქალი.
როდი სკოტის ფონდს ამ შენობის შესყიდვა სურს.
სათემო რადიოს ინფორმაციით, ახმეტის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებსა და როდი სკოტის ფონდს შორის შემდგარი შეთანხმების მიხედვით, რადიოს ოფისი 2021 წლის ჩათვლით ჰქონოდა და ეს საიჯარო ხელშეკრულებაშიც წერია. იჯარის ვადის გასვლის შემდეგ კი, ახალი მესაკუთრე სათემო რადიოს ხელშეკრულებას აღარ გაუფორმებდა.
"ოფისის კაპიტალურ რეაბილიტაციაში რადიოს დაახლოებით 60 ათასი ლარი აქვს დახარჯული. სათემო მაუწყებლობის გარდა, რადიოში პერიოდულად, ზაფხულობით ფუნქციონირებს უფასო სასწავლო კურსები, სადაც ახალგაზრდები და ქალები ავტომობილის მართვის თეორიულ და პრაქტიკულ, ბუღალტერიის, მცირე პროექტების წერისა და გრანტების მოძიების კურსებს გადიან", — აღნიშნავენ პანკისის სათემო რადიოში.
მათივე ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც შენობის შესაძლო გაყიდვის საკითხზე ინფორმაცია მერიისგან მოითხოვეს, მერმა იოსებ ქარუმაშვილმა როდის სკოტის ფონდის ხელმძღვანელს უთხრა, რომ ამ შენობას ვეღარ მისცემდნენ და მარგოშვილის უკმაყოფილება სწორედ ამან გამოიწვია.
"მარგოშვილს ურჩიეს, დუისში აქცია მოეწყო, რაც შეიძლება მეტი ხალხი შეეკრიბა და შენობის გადაცემა მოეთხოვა. მერიაში დასახული გეგმის მიხედვით, აქციაზე მივიდოდნენ ახმეტის საკრებულოს წევრები პანკისის სოფლებიდან და მერიის თანამშრომლებიც.
მერიიდან რამდენიმე წყარომ შეგვატყობინა, რომ მერის, იოსებ ქარუმაშვილისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების, ლაშა გოდერძიშვილისა და გიორგი ხარიტონაშვილის დავალებით, აქციის მონაწილეებს პროტესტი უნდა გამოეთქვათ პანკისის სათემო რადიოს და მისი დამფუძნებლის, ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის წინააღმდეგ, ის ხეობისა და მოსახლეობის ინტერესების დაზიანებაში უნდა დაედანაშაულებინათ და პანკისიდან მისი გასვლა მოეთხოვათ", — წერს სათემო რადიო.
Radio Way-ს ინფორმაციითვე, ლია მარგოშვილმა მის თანამშრომლებს მოსთხოვა, აქციაზე მისულიყვნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი გათავისუფლებით დაემუქრა. ამასთან, რადიოს დუისისა და ჯოყოლას მცხოვრებლებმა უთხრეს, რომ აქცია სკოლის გადარჩენისთვის იმართებოდა და მისი შინაარსის შესახებ მხოლოდ ადგილზე გაიგეს.
გარდა ამისა, ვიდეომასალაში, რომელსაც სათემო რადიო ავრცელებს, ჩანს, რომ აქციის ერთ-ერთი მონაწილე რადიოს შენობაში შესვლითა და იქიდან ნივთების გამოყრით იმუქრება.
"ხეობაში 10-20 კაცი იქნება მისი მომხრე, დანარჩენი ყველა მისი წინააღმდეგია. ის ამ ხეობიდან უნდა გავუშვათ. წავიდეს და სხვაგან იმუშაოს. ჩვენ გვაბინძურებს ის. მან ეს ხეობა დააბინძურა", — ციტირებს გამოცემა თამაზ მარგოშვილს.
ამასთან, აქციაზე ლია მარგოშვილმა პანკისის სათემო რადიოს თანამშრომლები დაწყევლა.
"დიდი მადლობა ყველას, ვინც როდი სკოტის ფონდის გამო დღეს აქ მოხვედით და შეწუხდით. მე ძალიან მენდომებოდა, თქვენ, ყველამ ამ დეპუტატებს უთხრათ, დღეს რაც აქ მოისმინეთ, რომ ახმეტაში ჩაიტანონ და უთხრან. ეს საქმე იყო დაწყებული, უკვე აკეთებდნენ, გელა ჩაერია და გააჩერეს ეს საქმე. მეუბნებიან, გელას სახელი არ ახსენოო, მაგრამ ცეცხლი წაეკიდოს გელას და ყველას, ვინც მაგის უკან დგას", — ციტირებს გამოცემა მის სიტყვებს.
მარგოშვილის გვერდით აქციაზე იდგნენ ახმეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, რამაზ ბაღაკაშვილი, ახმეტის საკრებულოს წევრი სოფელ ჯოყოლოდან, თამაზ ბორჩაშვილი და ახმეტის საკრებულოს წევრი ხალაწნის თემიდან, როტსომ ალხანაშვილი.
როგორც სათემო რადიოში ამბობენ, აქციაში მონაწილეობდნენ ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებიც, ასევე, დუისის საჯარო სკოლის პედაგოგები და სუს-ის თანამშრომლების ოჯახის წევრები.
როდი სკოტის ფონდის პასუხი
როდი სკოტის ფონდის ხელმძღვანელის, ლია მარგოშვილის თქმით, აქციის ორგანიზება იმის გამო გადაწყვიტა, რომ სათემო რადიოს ხელმძღვანელი, გელა მთივლიშვილი შენობის პრივატიზებას ეწინააღმდეგება. მისივე განცხადებით, შენობის შესყიდვის გარეშე დონორი ორგანიზაცია უარს ამბობს, მისი ფასადი გაარემონტოს, რომელიც ცუდ მდგომარეობაშია.
მარგოშვილის თქმით, ის მუზეუმის გარეშე, შენობის დარჩენილი ნაწილის შესყიდვას ითხოვს და განცხადებაში აღნიშნული აქვს, რომ მოიჯარეების ხელშეკრულება არ შეუწყდებათ. ამასთან, იგი ამტკიცებს, რომ ხელშეკრულების დასრულების შემდეგაც შენობას არავინ დატოვებს.
"თუნდაც მერე, მე ამას არ დავუშვებდი. ჩემს უკან ვინც დგას ბრიტანეთში, ისინი არ დაუშვებდნენ. როგორ შეიძლებოდა ბრიტანელი ჟურნალისტის სკოლას შენობიდან რადიო გაეყვანა", — ამბობს ლია მარგოშვილი.
როგორც იგი ყვება, სწორედ ამ უთანხმოების გამო გადაწყვიტა შეხვედრის მოწყობა, სადაც დეპუტატებიც მიიწვია.
"ჩვენ მოვახდინეთ რეაგირება. 240 ბავშვი მყავს, მათ ვუთხარი, ასეთი ამბავია, ვაკეთებთ ამ აქციას, რომ მთელი პანკისის ხეობის დეპუტატებს დავიბარებთ და მათ გადავცემთ ჩვენს სათქმელს და ისინი ჩვენს სათქმელს ჩაიტანენ გამგეობაში", — ამბობს ლია მარგოშვილი On.ge-სთან.
მარგოშვილის თქმით, აქციაზე ერთ-ერთმა პირმა ნამდვილად ისაუბრა Radio Way-ს ხეობიდან წასვლაზე, თუმცა იმ დროს თავად ადგილზე არ იმყოფებოდა:
"ყველაფერი კარგად მიდიოდა, იმან ის [გაგდებაზე] თქვა და დეპუტატები ეჩხუბნენ. ამით დამთავრდა. შევვარდეთ გელასთანო არ უთქვამთ. ის კი უთქვამთ, შევიდეთ და გამოვუყაროთ ეს ბარგიო, მაგრამ დეპუტატებმა გააჩერეს".
რაც შეეხება წყევლას, ლია მარგოშვილი განმარტავს:
"გამოვედი სიტყვით და მადლობა გადავუხადე მოსვლისთვის და მივმართე დეპუტატებს, რაც ხდება ჩაიტანეთ [გამგეობაში] და ჩვენი თხოვნაა, რომ იქ თქვათ-მეთქი. მე სიტყვით გამოვდიოდი და ვიღაცამ მომაძახა, Radio Way იმ შენობაში თქვენი მოყვანილიაო და მე კიდევ ქისტურად ვამბობ, "ცეცხლი წაეკიდოს Radio Way-საც და ჩემდა თავად მომყვანისაც-მეთქი", ასე გამოვიდა".
ლია მარგოშვილი ყვება, რომ მასა და გელა მთივლიშვილს შორის, დაახლოებით, სამი წლის წინაც იყო დაპირისპირება და მას შემდეგ, აღარ ელაპარაკება. მისივე თქმით, შეხვედრაზე სათემო რადიოს თანამშრომლებიც მიწვევაც სურდა, თუმცა "არ გამოვიდა".
პანკისში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის და აღნიშნავს, რომ პანკისის რადიოს წინააღმდეგ წარმოებული კამპანია დანაშაულის ნიშნებს მოიცავს.
კოალიციის წევრი ორგანიზაციები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან დარბევის მუქარაზე რეაგირებას მოითხოვენ:
"მიგვაჩნია, რომ გავრცელებულ მასალაში იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის გათვალისწინებული დანაშაულების, მათ შორის, კოდექსის 154ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის — ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ნიშნები".
კოალიცია მიუღებლად მივიჩნევთსმედიის შევიწროვების ყველა გამოვლინებას და მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს დროულად აღკვეთონ პანკისის რადიოს გუნდის მიმართ არსებული ყველა რისკი.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები