სამართალდამცავი სისტემის ოპოზიციური რეფორმა და გამოწვევები
ფოტო: სოფო ასათიანი
Quis custodiet ipsos custodes? — ვინ გვიცავს მცველებისგან? — ეს შეკითხვა დღეს სამართალდამცავი სისტემის წინააღმდეგ გამართული თითქმის ყველა აქციის უნივერსალური ლოზუნგია; საქართველოშიც დემურ სტურუასა და ლუკა სირაძის თვითმკვლელობა, დავით სარალიძის, გიორგი შაქარაშვილის თუ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეები ლეგიტიმურად აჩენს კითხვას, სად არის ან ვის იცავს სამართალდამცავი სისტემა. ქვეყანაში, სადაც მგლოვიარე მშობელს უწევს საპროტესტო აქციებით მოითხოვოს სიმართლის დადგენა, ან სულაც უცხო ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოებს მიმართოს, ცხადია, რომ სისტემამ ტოტალურად დაკარგა ნდობა, იგი ვერ ასრულებს მის პირველად ფუნქციას — დაიცვას ადამიანების ღირსება.
2020 წლის 16 სექტემბერს, ხუთმა ოპოზიციურმა პარტიამ ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უსაფრთხოების სამსახურის რეფორმირების ახლებურ ხედვას გვთავაზობს. დოკუმენტის ავტორები მართებულად მიიჩნევენ, რომ სამართალდამცავი სისტემის მთავარი გამოწვევა ნდობის აღდგენა და დეპოლიტიზებაა.
მოსაზრებათა დიდი ნაწილი თანხვედრაშია სფეროში მომუშავე ექსპერტებისა და არასამთავრობო სექტორის ხედვებთან (მაგალითად: გამოძიებისა და დევნის ერთმანეთისგან გამიჯვნა, შინაგან საქმეთა მინისტრის ძალაუფლების შესუსტება, უსაფრთხოების სამსახურის დაშლა და სხვ.). თუმცა, შეთანხმებაში ვხვდებით ინოვაციებად შეფუთულ ისეთ იდეებსაც, რომლებიც ბადებს კითხვებს და ტოვებს განცდას, რომ მათი ინიციატორების თვითმიზანი სისტემის გაუაზრებლად, "აგურ-აგურ დაშლა" უფროა, ვიდრე გააზრებული სვლა სამართალდამცავი უწყებების უკეთესი სისტემური მოწყობისკენ.
არჩევითი შერიფები
დოკუმენტის თანახმად, აუცილებელია შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩამოშორდეს საპატრულო პოლიცია და აღნიშნული ფუნქცია ადგილობრივ დონეზე, თვითმმართველობებში არჩეულმა პოლიციის უფროსებმა, იგივე შერიფებმა განახორციელონ. პირდაპირი მონაწილეობითი დემოკრატიის ეს, ერთი შეხედვით, მარტივი გამოსავალი ოპოზიციურმა ერთობამ პირველი ინსტანციის მოსამართლეების დანიშვნის წესზეც განავრცო. იმისaთვის, რომ ზუსტად შევაფასოთ ქართული რეალობისთვის შერჩეული მეთოდის გამოსადეგობა, აუცილებელია, გავიაზროთ რა რისკებს და როგორ აზღვევს არჩევითი თანამდებობა.
სავარაუდოდ, იდეის ავტორები მიიჩნევენ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე არჩევითობის კომპონენტის შემოღებით, შერიფზე პოლიტიკური ზეგავლენის მოხდენა გართულდება და, შესაბამისად, შემცირდება პოლიციის პოლიტიკური მიზნებით გამოყენების შანსი.
აშშ-ში, ბრიტანეთსა თუ სხვა წარმატებულ დემოკრატიებში მართლაც ხშირად გამოიყენება პირდაპირი მონაწილეობითი არჩევითობა, იქნება ეს მაჟორიტარული წარმომადგენლობა საკანონმდებლო ორგანოში, ასევე, მოსამართლის თუ პროკურორის არჩევა. შესაბამისად, პრობლემას ცალკე აღებული საარჩევნო სისტემა ან პირდაპირი არჩევითობის წესი კი არა, ძალაუფლების ერთი ჯგუფის ხელში თავმოყრა და ადგილობრივი წარმომადგენლობითი დემოკრატიის კულტურის არქონა წარმოადგენს. სწორედ სუსტი ადგილობრივი თვითმმართველობების გამო ვერ იმუშავა საქართველოში მაჟორიტარულმა სისტემამ და ძირეული ცვლილებების გარეშე, იგივე შედეგს მივიღებთ შერიფების შემთხვევაშიც. საილუსტრაციოდ საკმარისია საქართველოს პარლამენტარიზმის ისტორიას გადავავლოთ თვალი.
2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ქართულმა ოცნებამ მაჟორიტარული წესით 44, ხოლო 2016 წელს — 71 მანდატი მოიპოვა. ანალოგიური ვითარება გვხვდებოდა თითქმის ყველა მოწვევის პარლამენტში. შესაბამისად, უტრირება არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ, საქართველოში, როგორც წესი, პირდაპირი წესით არჩეული მაჟორიტარები საკუთარ ბიზნეს ინტერესებს წარმოადგენენ პარლამენტში და უფრო მეტიც, თავისუფლად იცვლიან პარტიულ კუთვნილებას იმის მიხედვით, თუ რომელი პარტიაა ხელისუფლებაში. მსგავსი გამოცდილება გვაქვს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებშიც, რომელიც ფორმალურად დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა მოიგო. შესაბამისად, გულუბრყვილობა იქნება, თუ ვირწმუნებთ, რომ ცალკე აღებული პირდაპირი წესით არჩევითობა არსებითად შეცვლის ან შეარყევს კანდიდატზე ზემოქმედების მოხდენის უკვე არსებულ, მძლავრ პოლიტიკურ მექანიზმებს.
ლოკალური ავტორიტარიზმის და არჩევითობის თანაკვეთა კიდევ უფრო საშიში ხდება, როდესაც არჩეული შერიფის პასუხისმგებლობის ან/და თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხებს ვეხებით. შემოთავაზებულ მოდელში არაფერია ნათქვამი არჩეული პირის პასუხისმგებლობაზე ან ძალაუფლების ბოროტად გამოყენების შემთხვევაში, მისი თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე. ნებისმიერი სისტემა, რომელიც ვერ გვთავაზობს თვითნებობისა და ძალაუფლების ჭარბი კონცენტრირებისგან დაცვის გარანტიებს, შესაძლოა, არანაკლები რისკის შემცველი იყოს, ვიდრე არსებული მოდელი. მაგალითად, დღეს საზოგადოებისთვის ნათელია, რომ სამართალდამცავ სისტემაში არსებულ ქაოსსა და არაპროფესიონალიზმზე პირველადი პასუხისმგებლობა კონკრეტულ მინისტრებს ეკისრებათ, რომელთა თანამდებობიდან გათავისუფლების მარტივ და რთულ მოდელებს საქართველოს კანონმდებლობა არეგულირებს. შერიფის შემთხვევაში, ერთადერთი გამოსავალი, მომდევნო არჩევნებია, სადაც მოსახლეობა არაკეთილსინდისიერ პირს ხმას აღარ მისცემს. ცხადია, ამგვარი დაშვება ვერ პასუხობს სამართალდამცავი სისტემის წინაშე მდგარ გამოწვევებს და ვერ გვაზღვევს კრებითი "ენზელ მკოიანის" ლოკალური ავტორიტარიზმის რისკისგან. ამასთან, რადიკალურად განსხვავდება პირდაპირი წესით არჩეული პარლამენტარისა და შერიფის ფუნქციები. კერძოდ, არაკეთილსინდისიერ პარლამენტარს სხვა წევრების დახმარების გარეშე არ შეუძლია პირდაპირი გავლენა მოახდინოს ჩვენს უფლებებზე, შერიფი კი ფლობს ხისტ საპოლიციო იარაღს, რომლის თითოეული გადაწყვეტილება პირდაპირ მოქმედებს ჩვენს უსაფრთხოებასა და თავისუფლებაზე.
ამასთან, საუკეთესო შემთხვევაშიც კი — შერიფად კეთილსინდისიერი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი პირის არჩევისას — კვლავ გაუგებარი იქნება ის, თუ რა რეალურ ცვლილებებს თუ სიკეთეს მოუტანს იგი ადამიანებს. ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც ყველაზე მეტად არის გავრცელებული არჩევითი შერიფის ინსტიტუტი, ადმინისტრაციული მოწყობის რადიკალურად განსხვავებული — ფედერალური სისტემა მოქმედებს. ფედერალურ სახელმწიფოში შტატების დონეზე კანონმდებლობა ერთმანეთისგან განსხვავდება და შერიფები, პირველ რიგში, სწორედ ლოკალური წესრიგის დამყარებაზე არიან პასუხისმგებლები. საქართველოში, ერთი მხრივ, ვცხოვრობთ უკიდურესად ცენტრალიზებულ სახელმწიფოში, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობები მხოლოდ იურიდიულად არსებობს და დიდწილად ვერ ემსახურება ადგილობრივ ინტერესებს. მეორე მხრივ, გვაქვს სისხლის სამართლის ინფრასტრუქტურა, რომელშიც საპროცესო წესრიგსა და სისხლის სამართლის პოლიტიკას საქართველოს პარლამენტი განსაზღვრავს, ხოლო დევნის დაწყების ან შეწყვეტის დისკრეცია ექსკლუზიურად პროკურორს გააჩნია. ამ ორი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორის გათვალისწინებით, არჩევითი შერიფი ვერც საკადრო პოლიტიკაში იქნება თავისუფალი, ვერც უფრო ლმობიერ სისხლის სამართლის პოლიტიკას გაატარებს და ვერც დანაშაულთან ბრძოლის ახალ მეთოდებს დანერგავს.
არჩევითი ბრალმდებელი
შემოთავაზებული რეფორმის ერთ-ერთი "ინოვაცია" არჩეული ბრალმდებლის ინსტიტუტის შემოღებაა. კერძოდ, ნაკლებად მძიმე დანაშაულში დაზარალებულ მხარეს საშუალება ეძლევა, თავად გადაწყვიტოს, თუ ვინ იქნება მისი ინტერესების დამცველი სასამართლოში: პროკურორი თუ მის მიერ არჩეული ადვოკატი. ერთი შეხედვით, ინიციატივა ნდობადაკარგული სისტემისთვის პრაგმატულ გამოსავლად შესაძლოა მოგვეჩვენოს, თუმცა, იგი რამდენიმე მნიშვნელოვან პრობლემას უგულებელყოფს:
პირველ რიგში, პრინციპულად არასწორია სახელმწიფოს ჩამოშორდეს კანონის ძალით აღსრულებული წესრიგისა და უსაფრთხოების ვალდებულება. პროკურატურის მთავარი ფუნქცია — დანაშაულთან ბრძოლა — არ იცავს ერთი რომელიმე ინდივიდის ინტერესს, არამედ, სახელმწიფოსთან ჩვენი სოციალური შეთანხმების განუყოფელი ნაწილია. მარტივად რომ ვთქვათ, სამართალდამცავ სისტემას დაზარალებულის ნებისგან დამოუკიდებლად უნდა ჰქონდეს დანაშაულის გამოძიების ლეგიტიმური ინტერესიც და ვალდებულებაც. მაგალითად, ოჯახში მოძალადე პირს სახელმწიფო უნდა სჯიდეს სწორედ იმიტომ, რომ ადამიანების ღირსებისა და თავისუფლების დაცვა, დაზარალებულთან ერთად, საზოგადოების ცენტრალურ ინტერესსაც წარმოადგენს.
ამასთან, მოდელი ინოვაცია ქართული სამართლებრივი სივრცისთვისაც კი არ არის და იგი, პრაქტიკულად არ განსხვავდება საქართველოში წარსულში მოქმედი კერძო ბრალდების ინსტიტუტისგან. 2010 წლამდე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სწორედ დაზარალებულის პირად გადაწყვეტილებაზე იყო დამოკიდებული, მიეცემოდა თუ არა საქმეს მსვლელობა სასამართლოში. წარსული გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ამგვარი ინსტიტუტის ფუნქციონირების პირობებში, ბრალდებული ხშირად შედიოდა კერძო მოლაპარაკებებში დაზარალებულთან და სახელმწიფოს უკარგავდა პროცესზე ზეგავლენის მოხდენის თეორიულ შანსსაც კი. ამგვარ მოლაპარაკებებს დიდწილად კანონსაწინააღმდეგო ხასიათი ჰქონდა და, ხშირად, დაზარალებულის დაშინების ან კორუფციული გარიგებების საშუალებად გამოიყენებოდა.
ყველა მსჯელობა სამართალდამცავი სისტემის ძირეულ ცვლილებაზე აზრს იქნება მოკლებული, იმ შემთხვევაში, თუ ყველა ზემოხსენებულ რისკს ზუსტად არ შევაფასებთ. ადამიანის ღირსების დაცვაზე ორიენტირებული სამართალდამცავი სისტემის შესაქმნელად, აუცილებელია, პროცესი არა ინსტიტუციების ინოვაციური მეთოდებით დაშლაზე, არამედ, ძველის ნაცვლად ახალი სისტემის აშენებაზე იყოს ორიენტირებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება შედეგად მივიღოთ მორიგი წინასაარჩევნო ტრაფარეტული ლოზუნგი, რომელიც ძალიან ჰგავს აქამდე არსებულ კომიკურ დაპირებებს და ვერ უპასუხებს უნდობლობისა და სისტემის პოლიტიზების ორ უმთავრეს გამოწვევას.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები